top of page

რა ღირს სიბერე საქართველოში?

3 პენსიონერი ქალის ამბავი

ხუნჯუკაშვილი გოგონა ანდროს ასული, 67 წლის.

”წვრილმანებში  ვხარჯავ, ბებო. ყოველდღე თონიდან პური მომაქვს. უცებ მარილი შემომელევა. ძმარი გამითავდება. ხელსახოცებიც ხო საჭიროა. მერე,  ახლა ზაფხულია და ჩემი შვილიშვილები აქ არიან. ტკბილი ხო უნდათ? "

ზინა მელიქიძე. 85 წლის.

მანგლისი

ელზა სეხნიაშვილი.73  წლის. თბილისი

გოგონა ხუნჯუკაშვილი.

67 წლის.

თბილისი

გოგონა გვარად ხუნჯუკაშვილია.  67 წლის.  უკვე მეშვიდე წელია, ყოველი თვის 14 რიცხვში პენსიას იღებს.

გოგონა ხუნჯუკაშვილი, 67 წლის. თბილისი

პანკრეასი, ნაღველა, წნევა - განვლილმა რთულმა ცხოვრებამ, ჯანმრთელობაზე თავისი კვალი დატოვა. ამიტომ პენსიის ძირითად ნაწილი, სწორედ წამლების ყიდვას ხმარდება.

წამლებს ფასდაკლებებზე ვყიდულობ. მიუხედავად ამისა, მაინც ძვირი მიჯდება. ვცდილობ თანხა შეძლებისდაგვარად სწორად გადავანაწილო, რომ საკუთრი ოცნების ახდენაც შევძლო”

 

ახალგაზრდობიდან გოგონას ერთი ოცნება ჰქონდა. მის ასასრულებლად დრო კი, არასდროს.  გათხოვებიდან 2 წელში,  მეუღლეს დაშორდა. შვილის გაზრდა მარტოს, სხვისი დახმარების გარეშე მოუწია. უარი, არცერთ სამსახურზე უთქვამს. დღე ქარხანაში ხარატად მუშაობდა, საღამოს სხვის სარეცხს აუთოებდა და სახლებს ალაგებდა.

ჩემი გოგო, ციცო მარტომ გავზარდე. არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი, არაფერი მეზარებოდა. შვილს კარგი განათლება მივეცი. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგ გზაზე დამეყენებინა”- ამბობს გოგონა.

ციცომ საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა და საცხოვრებლად იქ დარჩა. დედას,  ჯერ ვერ ეხმარება. თუმცა, იმის ცოდნა, რომ შვილი კარგად არის, გოგონასთვის ნებისმიერ მატერიალურ დახმარებაზე ძვირფასია.

წლების შემდეგ, გოგონამ საკუთარი ოცნების ასრულება დაიწყო.  საქართველოს 75 პროცენტი უკვე მოინახულა. წინ დარჩენილი 25 -ია და რომი, რომლის სანახავად საჭირო თანხას საგულდაგულოდ აგროვებს.

”ყოველთვე, პენსიიდან 20-30 ლარს ვიღებ და ამ თანხით, საქართველოს რომელიმე ერთ ადგილს ვნახულობ. ტურები ძვირი არ ჯდება.  როგორც პენსიონერს შეღავათსაც მიკეთებენ და 15-20 პროცენტიანი ფასდაკლებით ვმოგზაურობ. ერთი ასეთი გასვლა, სიცოცხლეს ერთი წლით მიახალგაზრდავებს. უფრო მეტი, რომ მქონდეს, უფრო ხშირად ვივლიდი. ისე არ მოვკვდები, რომი არ ვნახო. თანხას ნელ-ნელა ვაგროვებ და დადგება ის დღეც, როცა ამდენი წლის ოცნებას ავისრულებ.”

 

წამლები და მოგზაურობა - ასე ნაწილდება გოგონას ყოველთვიური 180 ლარი. პენსია საკვებსა და კომუნალურ გადასახადებს ვერ წვდება. ამიტომ, მარტო დარჩენილი პენსიონერი ბინაში ერთ ოთახს აქირავებს.

”ჩემთან ერთად ერთი გოგო ცხოვრობს.  საკვებისთვის თვეში ასი ლარი მაინც მჭირდება. რასაც მაძლევს ასე ხელმოკლედ, კომუნალურსა და საკვებს შორის ვანაწილებ”.

გოგონას დილა 7 საათზე, ვარჯიშით იწყება. პენსიონერისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა, მთელი ცხოვრების ოცნების ასასრულებლად ყველაზე  მნიშვნელოვანია.

საპენსიო პაკეტის მიმღებთა რაოდენობა საქართველოში

500435

2015 წელი

207274

2015 წელი

510735

2016 წელი

209459

2016 წელი

ელზა სეხნიაშვილი, 76 წლის. თბილისი

გაზქურაზე სიმინდი იხარშება. მაგიდასთან ხახვი და მწვანილი იჭრება. სანამ ოჯახის წევრები სამსახურიდან დაბრუნდებიან, ელზა ბებომ საჭმლის მომზადება უნდა მოასწროს.

უკვე 41 წელია, ორთაჭალის მეორე ჩიხში ცხოვრობს. ერთი ოთახი, რომელიც მეუღლესთან ერთად იყიდა, წლების განმავლობაში ორ სართულიან სახლად აქცია.

”მე და ჩემმა მეუღლემ ცხოვრება შრომაში და სიყვარულში გავატარეთ. ეს იყო სიხარულში, ბედნიერებაში გატარებული წლები”- ამბობს ელზა ბებო და ხახვის ჭრას აგრძელებს.

თუმცა, ოჯახი სიყვარულით არ შეუქმნია. 19 წლის იყო, როცა მომავალმა დედამთილმა შემთხვევით ქუჩაში თვალი მოკრა და მოეწონა. მოეწონა მომავალ მამამთილსაც და მისი ხელი 10 ჯერ ითხოვა. ”ძალაობით გაკეთდა ეს ამბავი” - ღიმილით იხსენებს ბებო. მეუღლე იმ საღამოს ნახა, როცა თითზე ბეჭედი გაუკეთეს.  ქორწილი რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

”არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ლიმონა, ჩემი მეუღლე. სიყვარული მალევე მოვიდა და იყო დიდი ურთიერთპატივისცემა. ძალიან კარგი მშობლები ყავდა. დედამთილისგან ერთი წყენაც არ მახსოვს. მამამთილს კი, საკუთარ გოგონებზე მეტად ვუყვარდი”.

ლიმონა, რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მისი დაკარგვა ელზამ რთულად გადაიტანა. სიბერეც უფრო მარტივად შეეპარა და გულის ტკივილიც დაჩემდა. პენსიის ნაწილს წამლებს, დარჩენილს კი, კომუნალურ გადასახადებს ახმარს. მასთან ერთად სახლში ოჯახის კიდევ  4 წევრი ცხოვრობს.

”5 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. პენსია უფრო მაღალი, რომ მქონდეს ყველას დახმარებას და გახარებას შევძლებდი.” დანანებით ამბობს ელზა ბებო და გაზქურიდან სიმინიდის ქვაბს გვერდზე მდგომ მაგიდაზე დგამს. 

”მართალია პენსია მცირეა, მაგრამ ფული არასდროს გეყოფა , ფულს შენ უნდა ეყო”- მიტრიალდება და მარიგებს ელზა. ”ფული შეიძლება უბრალო რამეში, უაზროდ შემოგეხარჯოს. ყოველთვის ვცდილობდი გამოზოგილად დამეხარჯა. მთელი ცხოვრება არავისთვის არაფერი მომიკლია, მაგრამ ყველაფერი გაწერილი და ნორმის ფარგლებში მქონდა”. - მეუბნება და თეფშზე დადებულ მარილმოყრილ ცხელ სიმინდს მაწვდის. 

”წვრილმანებში  ვხარჯავ, ბებო. ყოველდღე თონიდან პური მომაქვს. უცებ მარილი შემომელევა. ძმარი გამითავდება. ხელსახოცებიც ხო საჭიროა. მერე,  ახლა ზაფხულია და ჩემი შვილიშვილები აქ არიან. ტკბილი ხო უნდათ? "

ზინა თურმანიძე, 84 წლის. მანგლისი

 

   - ბებო რამდენი გაქვს პენსია?

   - 215, ხან 217.  მპასუხობს დინჯად და სათვალეს ისწორებს. წლებმა კვალი ყველაზე მეტად ხელებზე დაამჩნია. მარილებმა თითებს ფორმა დაუკარგა,  ნაოჭებმა კი კანს სიგლუვე.

 -რაში ხარჯავ ბებო შენს პენსიას?

არ მისმენს. დგება. ეზოში მეზობლის ძროხა შემოპარულა, უნდა გაიყვანოს. რამდენიმე ნაბიჯის მერე ბარბაცს იწყებს და ჩერდება. წონასწორობის შენარჩუნება უჭირს. სასწრაფოდ გამყავს ცხოველი ეზოდან.  ჭიშკარს საგულდაგულოდ ვხურავ და ეზოში მდგარ ცისფერ სკამს ვუბრუნდებით.

 

 ზიზი ბებო 84 წლისაა და ის მსოფლიოში საუკეთესო ბებოა. ის ჩემი ბებოა. აგარიდან მანგლისში, 60 წლის წინ ჩამოვიდა. ახალციხეში, ”ტექნიკუმში” გაცნობილ მეუღლეს ჩამოყვა.

 

26 წლის ასაკში, სიყვარულით გავთხოვდი. სამი ბიჭი შეგვეძინა. მეუღლისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. არასდროს ავიწყდებოდა დღესასწაულები. უყვარდა საჩუქრების კეთება. უყვარდა შვილები, ოჯახი. უფროსი 18 წლის მყავდა, როცა დავქვრივდი. უმცროსები სკოლაში დადიოდნენ. სწავლა უნდოდათ, ჩაცმა, ჭამა. ავდექი და სკოლა-ინტერნატში აღმზრდელად დავიწყე მუშოაბა. 200 მანეთი მქონდა. ვამუშავებდი ბოსტანს და წვრილფეხა საქონელს ვუვლიდი. სამივე ბიჭი გზაზე დავაყენე. დედამ ენაცვალოს, დღეს ისინი არიან ჩემი იმედები”. - ამბობს ბებო და ცრემლის მოსაწმენდად, პერანგის მკლავიდან ცხვირსახოცს აძვრენს.

 

ნოემებერში ზიზი ბებოს, შვილიშვილი გაუთხოვდა. ქორწილს ვერ დაესწრო, თავს ცუდად გრძნობდა. იმ თვიდან, დღემდე მოყოლებული, პენსიიდან გადადებულ ას ლარს, საგულდაგულოდ ლეიბის ქვეშ ინახავდა. ამ ხნის განმავლობაში, ვერც შვილიშვილმა და სიძემ ჩააკითხა, ვერც თვითონ ესტუმრა თბილისში. დღეს დაკოჟრილი ხელებით, ხელში ქაღალდი ჩამიდო. ამჯერად მე ვტიროდი.

 

მანგლისი საკურორტო დაბაა. ზაფხულობით ბებოს სახლი შვილიშვილებითა და დამსვენებლებით ივსება. სეზონზე აღებული ქირით, ერთი წლის სამყოფ ფქვილს, შეშას, შაქარს, ბურღულეულს ყიდულობს. კომუნალურებს შვილები უხდიან. წამლებსაც უგზავნიან.

ზიზი ბებოს სახლი სექტემებრის პირველი რიცხვებიდან ნელ-ნელა იცლება. ჯერ დამსვენებლები, მერე შვილიშვილები მიდიან. ბებოს ხასიათი ეცვლება. რჩება მარტო, უმცროს შვილთან ერთად. ორ სართულიანი სახლის, იმ ერთ ოთახში გადადის, სადაც შეშის ღუმელი უდგას. თბილისში, შვილებთან გადმოსვლაზე უარს ამბობს. ”ზამთარი რთულია, მიჭირს, მაგრამ ჩემი სახლი მირჩევნია. თბილისიდან სულ მეძახიან. თუმცა შენი ქმრის აშენებულ კედელებს, რომ ვუყურებ უკეთესია”- მოწყენით მეუბნება ბებო.

 

2 ოქტომბერს 85 წლის გახდება. ამ დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აივსება სახლი შვილებითა და შვილიშვილებით. საჩუქრებს ამჯერადაც, თავად იუბილარი დაარიგებს. პენსიიდან ჩუმად გადადებულ ფულს, შვილიშვილებს სხვადასხვა მიზეზით ჩამოურიგებს.  შემდეგ კი, გრძელ ზამთარს კარებისკენ მზერით გაატარებს. იმედით, რომ ზაფხულამდე მას  რომელიმე მონატრებული შვილიშვილი შემთხვევით შემოაღებს.

bottom of page